მუნიციპალიტეტში მოქმედი ტურისტული ობიექტებისათვის კონსულტაციები იწყება

13 September, 2018

ახმეტის მერიის მე-3 სართულზე გაიმართა პროგრამის „ინტერნეტი განვითარებისათვის“ საპილოტე პროექტის პრეზენტაცია.

პროგრამის ხელმძღვანელმა თორნიკე ჯობავამ საზოგადოებას გააცნო რეგიონში დაგეგმილ აქტივობები. აღნიშნული აქტივობები მოიცავს კონსულტაციებს რეგიონში მოქმედი ბიზნესებისთვის ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროდან (კერძოდ - სასტუმროებს, სასტუმრო სახლებს და გასაქირავებელ ბინებს, კვების ობიექტებს, ღვინის მარნებს და სხვა ტურისტული დანიშნულების ობიექტებს). კონსულტაციები დაიწყება 17 სექტემბრიდან. შემდგომი 2 თვის განმავლობაში კონსულტანტები დაინტერესებულ პირებს დაეხმარებიან დაარეგისტრირონ საკუთარი ობიექტები ინტერნეტ-პლატფორმებზე, შექმნან და მართონ კონტენტი და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებზე.

 

პროგრამა „ინტერნეტი განვითარებისათვის“ წარმოადგენს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ერთ-ერთ კომპონენტს. პროექტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“.

 

Share page