უნიკალური სასმელები და კერძები მუნიციპალიტეტში
უნიკალური სასმელები და კერძები მუნიციპალიტეტში
კახური მწვადი - მისი შეწვა ხდება ვაზის წალამზე, რაც განსაკუთრებულ არომატს სძენს მწვადს.
დამბალხაჭო – ტრადიციული ფშაური კერძია. მზადდება კარაქის შედღვების შემდეგ დარჩენილი დოს ხაჭოსაგან. მარილში გადაზელილ ხაჭოს კვერებს რამოდენიმე დღე უმზეოდ აშრობენ წნელისაგან მოწნულ სპეციალურ სათავსოში – ძობანში, რომელიც ხშირად შუაცეცხლის თავზე ამავალ ბოლზე ჰკიდია. გამშრალ ხაჭოს კვერებს დასალბობად ალაგებენ თიხის ქოთანში.ჰერმეტულობის და მუდმივიტემპერატურის შესანარჩუნებლად ქოთანი შეიძლება მიწაში იყოს დაფლული. ასე ლბება ხაჭოს კვერები დაახლოებით 1,5-2 თვის განმავლობაში. ლბობის პროცესში გარედან იკიდებს “კეთილშობილ ობს” რომელიც გემრილიცაა და სასარგებლოც.
ხინკალი - შედგება ღორისა და საქონლის (ან ცხვრის) ხორცის ნარევისგან. წარმოადგენს ცომისგან დამზადებულ ერთგვარ ტომარას, რომელშიც მოთავსებულია გატარებული ხორცი. მზადდება ხარშვის წესით.
ჯიჯიგ-გალნიშ(ქისტური დელიკატესი) მზადდება ხორცისგან და ცომისგან.
ალუდი - ალუდი რიტუალური წმინდა სასმელია, კეთდება ქერის ალაოსგან. სიმაგრისა და არომატისათვის ხარშვის დროს უკეთებენ სვეს.
ხაშლამა - სანელებლებში და მწვანილებში მოხარშული ხორცი, რომელსაც სუფრაზე მიტანისას არომატისათვის ნედლ მწვანილს აყრიან.
ჩაქაფული - მრავალი სახეობის მწვანილთან და ადგილობრივ ბოსტნეულთან ერთად მოხარშული ხორცი, რომლის მთავარი სანელებლები ტყემალი და ტარხუნაა.
კახური შოთი - თონეში გამომცხვარი მოგრძო ფორმის პური.
ჩურჩხელა - უგემრიელესი ნუგბარი, რომელიც ყურძნის მდუღარე ტკბილ წვენში (ბადაგში) ამოვლებული თხილის ან ნიგვზის ასხმაა. ძალიან მსუბუქი და ნოყიერია.
გუდის ყველი – ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროდუქტია თუშურ, ქართულ და მსოფლიო კულინარიაში. ყველის გამოყვანა ხდება ცხვრის ტყავის გუდაში, რაც უზრუნველყოფს საჭირო ტემპერატურული რეჟიმის დაცვას და ტექნოლოგიური პროცესის დასრულებას.
კოტორი - კოტორი თუშური ხაჭაპურია. კოტრის გული მზადდება ერბოში აზელილი ხაჭოსაგან, ძირითადად რიტუალური სუფრებისათვის და საპატიო სტუმრებისათვის. ის რაც უფრო თხელია, მით უფრო მოსაწონია.
გორდილა - გორდილა მოხარშული პურეულია. ცომი კეთდება კვერად და იხარშება. სიმინდის ფქვილისა უფუარია, ხორბლის ფქვილისას სოდით აფუებენ. იჭმება მაწონთან, ერბოსთან და ყველთან ერთად. ქუმელი/ხალი ქუმელი მოხალული ქერის ფქვილია. იზილება მხოლოდ წყლით, კეთდება პატარა გუნდები. გამოიყენება პურის მაგივრად.
ხავიწი - ხავიწი ერბოში მოდუღებული ხაჭოა, რომელიც განსაკუთრებით კალორულია.
სისქალ-ნეხჩ(ქისტური დელიკატესი) სისქალ მზადდება მჭადის ფქვილისგან და მიირთმევენ ნეხჩ ანუ ყველთან ერთად.
ჩობან - ყაურმა (მწყემსური ყაურმა) ჩობან - ყაურმა უგემრიელესია ქონში ჩახარშული და შენელებული წყლის ქონდარით (კვლიავით).
ხმიადი - ხმიადი რიტუალური სამკუთხა პურია, მზადდება უსაფუარო ცომისაგან.
მოსმულა - მოსმულა კეთდება ცომის პატარა გუნდებისაგან. იხარშება, იწურება და ნელდება ერბოში მოშუშული ხახვით და კვერცხით, ან ყველითა და ნიორწყლით.
ახმეტაში ჩამოსულ სტუმრებს უმასპინძლდებიან ქვევრში დაყენებული ღვინით. ქვევრი უნიკალური ნივთია და მასში დაყენებულ ღვინოს განსაკუთრებული არომატი აქვს. სახლის პირობებში დამზადებული სასმელის გარდა, სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქარხნული წესით დამზადებული ღვინო, რომელსაც აწარმოებენ მუნიციპალიტეტში არსებული ღვინის ქარხნები.