ბუნება და კლიმატი

ბუნება და კლიმატი ახმეტის მუნიციპალიტეტში

ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაბალ ზონაში ზომიერად ნოტიო ჰავაა, ცხელი ზაფხულით და ზომიერად ცივი ზამთრით. ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი 38°- ია. ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორია უნიკალურია ბუნებრივი პირობების თვალსაზრისით. აქაური ფაუნა, ფლორა, შიდა წყლები და რთული რელიეფური პირობები თვალისმომჭრელია თითოეული მნახველისათვის. აქაურ მიწებზე წარმოდგენილია ერთობლივად სამი სახელმწიფო ნაკრძალი (ბაწარის,ბაბანეურის,თუშეთის) და ამრიგად ახმეტა საქართველოში ერთადერთი ადმინისტრაციული ერთეულია, სადაც ერთობლივად ამდენი ნაკრძალია წარმოდგენილი. ნაკრძალები განთქმულია თავისი სილამაზით, უნიკალურ იშვიათი ტყითა და ასევე ფაუნით. ბაწარის  სახელმწიფო  ნაკრძალი შექმნილია მდინარე ბაწარის ხეობაში. ნაკრძალში დაცულია უთხოვარი ანუ ურთხელი (ერთ-ერთი ხის სიმაღლეა 30მ, ასაკი 1800 წლამდე). ტყეში შერეულია აგრეთვე ნეკერჩხალი, იფანი, ცაცხვი და სხვა. ნაკრძალში ტყე კარგადაა დაცული, რაც იმის შედეგიცაა, რომ ადგილობრივი მოსახლეობას უთხოვარი წმინდა, ანგელოზის ხედ მიაჩნდა. ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსებულია 1935 წელს. სოფლებს ბაბანეურსა და არგოხთან შექმნილია ბაბანეურის  სახელმწიფო  ნაკრძალი, სადაც დაცულია ძელქვის იშვიათი წმინდა და შერეული მასივები. ძელქვის გარდა აქ იზრდება მუხა, ნეკერჩხალი და სხვა. ბაბანეურის ნაკრძალი შედის ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში. თუშეთის  სახელმწიფო  ნაკრძალი  დაარსებულია 1961 წელს. ნაკრძალი შექმნილია აქ არსებული ბიომრავალფეროვნების, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ენდემურ რელიქტურ მცენარეთა სახეობების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით. თუშეთი ეს არის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, სადაც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლები, უძველესი ნასოფლარები, ხალხური ხელსაქმის ნიმუშები, ყოფითი კულტურის ნივთები. აქ დაცულია ტრადიციები და მოსახლეობის ყოფითი წეს-ჩვეულებები. თუშეთი არის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მუნიციპალიტეტში მდებარეობს ილტოს აღკვეთილი, რომელიც მოიცავს მდინარე ილტოს ხეობის სათავე ნაწილს, რომელიც ვრცელდება ზ.დ. 900-2000 მეტრამდე. ის აღმოსავლეთით ესაზღვრება ბაწარის ნაკრძალს. მისი დაარსების მიზანია ილტოს ხეობაში არსებული ტყის ძვირფასი ჯიშების და ამ ტყეებისთვის დამახასიათებელი ფაუნის დაცვა და აღდგენა. მტაცებელ ფრინველთაგან აქ კაკაჩა, ქორი, მიმინო, ორბი და იშვიათად ბატკანძერაც გვხვდება. ძუძუმწოვრებიდან გავრცელებულია ზღარბი, კვერნა, კურდღელი, მაჩვი, ტურა, მელა, მგელი, გარეული ღორი, დათვი, შველი, ფოცხვერი და არჩვი. ძალზე იშვიათია წავი.
გააზიარე