ისტორია

ახმეტის მუნიციპალიტეტი

— ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ახმეტა, რომელიც მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს, მდინარე ილტოსა და მდინარე ორვილს შორის გაშლილ ვაკეზე, პანკისის ხეობის შესასვლელთან. ქალაქად გამოცხადდა 1966 წელს.
    ქალაქი ახმეტა ძირითადად სამი მთავარი უბნისგან შედგება - ესაა უტო, ჟალური და სათიანო.თითოეულ მათგანს თავისი საკუთარი იქტორია აქვს.
   

ჟალური

მე-17 საუკუნის დასახლებაა. ამ პერიოდში ერწო-თიანეთიდან გადმოსახლებულან ცალკეული გვარები და ახალი სამოსახლოსთვის ძველი საცხოვრისის სახელი დაურქმევია, ანუ ჟალური (ჟალუთის მხარიდან გადმოცხოვრებულნი).ისტორიულად ერწო-თიანეთის მხარეს ჟალუთის ქვეყანა ერქვა.
   

უტო

ქალაქის უძველესი დასახლებაა. ამ უბანში ცხოვრობდა ბახტრიონის ცნობილი აჯანყების (1659 წელი) მეთაური ბიძინა ჩოლოყაშვილი. აქ დღესაცაა შემორჩენილი დიდი მამულიშვილის საცხოვრებელი სახლის მცირე ნაწილი,გალავანი და კარის ეკლესია, რომელის დღემდე მოქმედია.
   

სათიანო

შედარებით გვიანდელი დასახლებაა და მისი სახელი პირდაპირ მიუთითებს მიგრირებულთა სადაურობას - თიანეთი ანუ თიანელთა (სათიანოს) მოსახლეობის საცხოვრისი.
    რაც შეეხება ქალაქის სახელს - ახმეტას მისი სახელდება მეფე თამარს მიეწერება. სწორედ მას უთქვამს ცნობილი სიტყვები ,,ახ,ნეტავ უტოს წყალი დამალევინაო’’... ,,ახ,ნეტავ’’ შემდგომში დამკვიდრდა, როგორც ახმეტა. ქალაქის ცენტრში არსებობს ძველი ეკლესია, რომელიც წმინდა გიორგის სახელს ატარებს. ეკლესიას 2008 წელს ჩაუტარდა რესტავრაცია და მოქმედი გახდა. ჟალურის უბანშია ორი ეკლესიაა, კვირიკეს სახელობის და თავად ჯანდიერების კარის ეკლესია, რომელშიც პერიოდულად აღევლინება წირვა-ლოცვა. ჩოლოყაშვილის კარის ეკლესიაა სოფელ მატანშიც, ეკლესია რესტავრირებული და მოქმედია. ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს ულამაზესი და მრავალმხრივ საინტერესო კუთხე თუშეთი. ის მიუვალი მთიანი მხარეა თოვლიანი მწვერვალებით, გაშლილი მთებითა და საძოვრებით, უნიკალური ფიჭვის ტყეებით, კამკამა ნაკადულებითა და წყალუხვი მდინარეებით, ძველი სოფლებითა და ნასოფლარებით. თუშეთში მიმავალი სამანქანე გზა კახეთიდან, სოფ.ფშაველიდან იწყება და საქართველოს ყველაზე მაღალი სამანქანე გადასასვლელის - აბანოს უღელტეხილის გავლით ომალოში ჩადის. აბანოს უღელტეხილი წლის მანძილზე მხოლოდ სამი- ოთხი თვე ფუნქციონირებს და თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ორხიდიანი,მაღალგამავალი ტრანსპორტითა და ცხენებით შეიძლება. კავკასიონის თოვლიანი მწვერვალებით გარემოცულ უმშვენიერეს ალაზნის ველზე გვხვდება ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი უბრწყინვალესი ნიმუში ალავერდის საკათედრო ტაძარი, რომელიც აგებულია XI საუკუნეში. ახმეტა-თიანეთის გზაზე მდებარეობს კახეთის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი- კვეტერის ცეხე-სიმაგრე. ქართულ ისტორიულ წყაროებში ეს ქალაქი XI საუკუნეში მოიხსენიება,ხოლო ბოლო დროს ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა უფრო გაამყარეს ვერსია, რომ კვეტერე უკვე VII საუკუნეში არსებობდა. კვეტერას უზარმაზარი ნაგებობები განლაგებულია ტყის მასივით დაფარულ მაღალ მთაზე. იგი გარშემორტყმულია რიყის ქვით ნაგები დიდი გალავნით. კვეტერა საკმაოდ კარგად არის შენახული და მნახველზე დიდ შთაბეჭდილებებს ახდენს. თეთრი გიორგის ტაძარი მდებარეობს სოფ.აწყურის სამხრეთით შემაღლებულ ადგილას. იგი საუკუნის ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ნაგებობაა.ტაძარი აგებულია წარმართული მთვარის ღვთაების საკულტო ნაგებობის ადგილზე, რომელსაც ქრისტიანულ რელიგიაში წმ.გიორგის კულტი ცაენაცვლა. თეთრი გიორგის ტაძრის ეზოში განისვენებს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი ,,შეფიცულთა’’ ერთ-ერთი წარმომადგენელი ალექსანდრე სულხანიშვილი.
გააზიარე